გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში

NATO-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთეული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო წვრთნებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

„NATO-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს, ეს დაადასტურა NATO-საქართველოს პაკეტმა, რომელიც წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების აქტივობას გულისხმობს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ აქტიური ორმხრივი დახმარების შედეგად საქართველოსათვის მოტანილი სარგებლის მნიშვნელობას: მიმდინარე სამხედრო წვრთნები, “ღირსეული პარტნიორი” ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ წამოწყებაში მათი უდიდესი წვლილისათვის ამერიკის შეერთეული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო. მე მყარად მწამს, რომ ძალა ერთობაშია და დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO-ს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი. საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს NATO-ს გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის.

„ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ სტაბილურობის განმტკიცების კუთხით შეიძლება ითამაშოს, ჩვენ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. ვარშავის სამიტი წევრი-ქვეყნების, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების ზრდაზე იქნება კონცენტრირებული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია და ვიმედოვნებთ, რომ ამის აღიარება და გათვალისწინება მოხდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უდევს საფუძვლად – ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” კორცხელის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაეგვიპტელი კრიმინალისტების აზრით, EgyptAir-ის თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა