გიორგი კვირიკაშვილი – „ბიზნეს სახლი“ რევოლუციური პროექტია, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს შეცვლის

”ბიზნეს სახლი” ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში განაცხადა, სადაც „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე და იწყება ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების – მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი პროექტის: ერთიანი ბიზნეს სივრცის შექმნის პროექტის განხორციელება.

”ბიზნეს სახლი ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სერვისის, რომელსაც დღეს ბიზნესი, იურიდიული პირები იღებენ, ერთიან სივრცეში, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდების პროექტს. ეს პროექტი განსაზღვრულია იმისთვის, რომ დღეს სხვადასხვა სამინისტროში, სახელმწიფო უწყებებში გაფანტული 600-ზე მეტი სერვისი მიწოდებული იქნას ერთი ჭერის ქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში აღიწერა ყველა სერვისი, რომელიც დღეს სჭირდება ბიზნესს, რომელსაც დღეს ბიზნესი იყენებს სახელმწიფოს მხრიდან და ეს არის 600-ზე მეტი მომსახურება.

”ეს არის ფაქტობრივად რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს. თვისობრივად გააუმჯობესებს მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს მომსახურებაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დროსა და მოთმინებას მოითხოვს
შემდეგი სტატიასოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს