გიორგი კვირიკაშვილი : აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში

საქართველო განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ.

“ის რომ, დღეს, საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობის სახელით და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ მომავალში”, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ივლისის დეკლარაციამ ცხადყო, ქვეყანაში არსებული პლურალიზმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში.

“ეს კურსი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და გამოხატავს მთელი ჩვენი საზოგადოების სწრაფვას, გვქონდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება, და ამ გზით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. საქართველოს მოქალაქეების ამ დაკვეთის შესრულების კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია. პირველი ივლისიდან, ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ახდა არაერთი თაობის ოცნება – ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება – რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” დღეს გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
შემდეგი სტატიაარჩილ გეგეშიძე : საგარეო უწყებამ მიიჩნია, რომ ჩემთან დაკავშირებული საკითხი ამოწურულია