გიორგი კვირიკაშვილი : აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე– „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” საქართველოსა და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე.
“რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება, რაც სრულიად გამორიცხავს კომპრომისს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„როდესაც ვამბობთ „სუვერენიტეტს”, ჩვენ ვგულისხმობთ ქართველი ხალხის, ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას დასავლურ გზასთან დაკავშირებით. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს არაერთხელს სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია, რუსეთისთვის გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ კიდევ ერთ კონფლიქტში და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ გართულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის გართულებას, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რასაკვირველია, ურთიერთობები ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ურთიერთობებში დაძაბულობის შემსუბუქების ინსტრუმენტები, რათა შეიქმნას საფუძველი პრობლემების გრძელვადიან ჭრილში გადაჭრისთვის, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით”, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემაზე, ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის ენერგოპეროეტებზე და ხაზი გაუსვა ენერგოსექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს. მანვე სპეკულაციური უწოდა „გაზპრომთან” დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
“ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან” ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობები „სოკართან”. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის” გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმაზე. მისი თქმით, სამთავრობო რეფორმების გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკური რეფორმები, განათლების სისტემის რეფორმირება, მმართველობის ფუნდამენტური ცვლილება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება.

banner
წინა სტატიაშითბილისში ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან ივლიან
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკი: მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% კი სიღარიბესთან ახლოსაა