გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს.

საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.

18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე გაიმართება შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას – “გაერო-ს რეფორმები”, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში.

იგეგმება საქართველოს მთავრობის მეთაურის დასწრება მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე – ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება.

გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს “ბლუმბერგის” გლობალური ბიზნესფორუმის ფარგლებში მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გაერო-ში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიალაზი სტუმრები ახლაც იმყოფებიან საქართველოში და ძალიან განაწყენებულები არიან – გიორგი ანდრიაძე