გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აშშ–ის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

პრემიერმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ და სტატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის დღის თარიღი წლის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ამერიკელები განსაკუთრებით გამოხატავენ თავიანთ სიამაყესა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ. „ილინოისის უნივერსიტეტში, მაგისტრანტი სტიპენდიანტის სტატუსით სტუდენტობის დროიდან მოყოლებული, ყოველთვის განსაკუთრებით ვაფასებ 4 ივლისის დღესასწაულს, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის. ჩემმა გამოცდილებამ ამერიკაში განსაკუთრებული კავშირი დაამყარა ჩვენ შორის და ეს კავშირი დღესაც არის ჩემი შთაგონების წყარო ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების გზაზე. განსაკუთრებული გრძნობები გამიჩნდა თბილი და სტუმართმოყვარე ილინოისელთა მიმართ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ილიონოისელი ელჩი საქართველოში, ბატონი კელი. გამოვთქვამ იმედს, რომ აქ თქვენ ისევე გრძნობთ თავს შინ, როგორც თქვენს მშობლიურ შტატში. 4 ივლისი არის ამერიკის მტკიცე და ურყევი ღირებულებების ზეიმი, რომელთაგან უმთავრესია თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და ემხრობა საქართველოც. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ დღეს, როცა ამერიკა აღნიშნავს თავისი სახელმწიფოებრიობის 240-ე წლისთავს, ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი,“–განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ქვეყანა იქცა რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად, პროგრესისა და სტაბილურობის ჩირაღდნად. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„აპრილში აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად განვიხილეთ საქართველოში შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფის გზები და მომდევნო 25 წლის განმავლობაში და შემდეგაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცების პერსპექტივები. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რაც ცხადყოფს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სიმტკიცეს. ამ ღონისძიების ფარგლებში წვრთნები ჩაუტარდა ქართველ მებრძოლთა ასეულს, რომელსაც წვლილი შეაქვს ნატოს რეაგირების ძალებში. ეს წვრთნები დაეხმარა საქართველოს ჩვენი ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენი ერთობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართული ვერაგული ტერორისტული აქტების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი მზადყოფნა და ურყევი გადაწყვეტილება, დავდგეთ ერთად ტერორიზმსა და გლობალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებთან ბრძოლაში,“–აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობის 240-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელსაც მასპინძლობას ამერიკის ელჩი იან კელი უწევდა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავი
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა