გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის

news
ავტ.: news აპრილი 28, 2016 14:41

გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის

აშშ-ს, საქართველოს სახით, ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, რომელიც განლაგებულია აზიასა და ევროპას შორის, ცდილობს, კარგი ურთიერთობების დამყარებას რეგიონის ყველა ქვეყანასთან.

„ჩვენ ვართ ახალი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი მაკავშირებელი ქვეყანა, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ ეკონომიკურ კავშირებს, დაწყებული პეკინით და დამთავრებული ბრიუსელით. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მიღწევები მარტივად არ მოგვეცა. ჩვენ გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას.მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს შენელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის.

„რასაკვირველია, ამ ისტორიის მთავარი გმირები ქართველები არიან, რადგან მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს, გაიარეს ახალ მსოფლიოში ადაპტაციის პროცესი და მიზნად დაისახეს მომავლის კონსტრუქციული გზა. მეორე მხრივ, ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამ გზაზე ჩვენი განუყრელი თანამგზავრები არიან.

შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვართ ერთდერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა და შეიარაღებული ძალები. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში და წვლილი შეგვაქვს აფრიკის უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბირთვული იარაღისა და ნივთიერებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის შუქურა.

3,7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე საქართველო არის სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ავღანეთის ურყევი მხარდაჭერის მისიაში, რაც დიდი მსხვერპლია ასეთი პატარა ქვეყნისთვის. 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ამ მისიაში.

ისევე, როგორც აშშ ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენ ვუდგავართ ამერიკას მხარში გლობალური მშვიდობის განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის, ხოლო საქართველოს, თავის მხრივ, ბევრის შეთავაზება შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

„გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწორედ ეს არის აშშ-ში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი. ჩვენ ვაცნობთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. ჩვენ ვეწვევით ჩიკაგოს, ბოსტონს და ნიუ-იორკს, სადაც დაგეგმილი გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები ადგილობრივ ბიზნეს საზოგადოებასთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news აპრილი 28, 2016 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics