გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულებას პრეზიდენტს შენიშვნებთან ერთად უბრუნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებთან ერთად უბრუნებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე გახდა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს 6 აპრილს გადაეგზავნა. პრემიერს კონტრასგინაციისთვის ვადა 16 აპრილამდე ჰქონდა. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია პრემიერის ხელმოწერისთანავე შევიდოდა ძალაში.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე.

“შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა,არსებობდა იურიდიული ხარვეზი და არასამთვრობო სექტორის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია.

გარდა ამისა, პრემიერმა მთავრობის წინა სხდომაზე აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ამასთან, პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნების თარიღი, 8 ოქტომბერი ძალაში რჩება