გიორგი კვირიკაშვილი: არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხურჩაში ჩასვლას და გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახისთვის მისამძიმრებას გეგმავს.

კვირიკაშვილმა დღეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ხურჩაში მომხდარი ინცინდენტი დაგმო და აღნიშნა, რომ ფაქტზე ჯერჯერობით, აფხაზეთის ხელისუფლების რეაგირებას ელოდებიან, რის შემდეგაც ხელისუფლება შეეცდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანანმშრომლობით, ფაქტის გამოძიება მოხდეს.

“ხურჩაში ვაპირებ რომ ჩავიდე. მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის, შეიარაღებული პირების მიერ და სახელმწიფოს პასუხი ექნება ამ ინციდენტზე. ველოდები ჯერჯერობით, რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება. მაქსიმალურად შევეცდებით, საერთაშორისო პარტნიორების მოანწილეობით მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ, სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.

ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე:სამეგრელოში მხედრიონელებს რომ დანიშნავ გამგებლებად ხარ მოღალატე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა