გიორგი კვირიკაშვილი: არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობიდან ტერორიზმის საფრთხე არ მომდინარეობს.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მის ხელთ არსებული კომუნიკაციის არხებით შეეცდება, რუსეთს რეგიონში არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

“საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს ჩვენს იმ რეგიონებზე, სადაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ კონტროლს. არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის, იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, წლის შემაჯამებელ მასშტაბურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პანკისის ხეობიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე არ გამქრალა. ლავროვის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” პანკისის ხეობას, წვრთვნებისთვის, დასვენებისა და მარაგების შევსებისთვის იყენებს.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის წარმომადგენლების უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით პრობლემები იყო”
შემდეგი სტატიარუსთავის მაგისტრალზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა