გიორგი კვირიკაშვილი : არანაირი პრივილეგია არ არის ხალხის ნდობაზე მეტი

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია, არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა

ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის.

„საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვისა. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. ჩემო მეგობრებო, ამ საზეიმო ვითარებაში განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით, რომ არა უსაფრთხოება ქვეყანაში და სამაგალითო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„დღეს ჩვენი მიზანია, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები, გამოირიცხოს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და, შესაბამისად, პოლიცია. ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანას ვაშენებთ და მიგვაჩნია, რომ წესრიგი მიიღწევა დანაშაულის აღკვეთითა და დამნაშავის დასჯით ისე, რომ კანონი იყოს ზედმიწევნით დაცული. ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ. დანაშაულზე რეაგირებასა და მის გამოძიებას, დიდი აქცენტი გაკეთდება დანაშაულის პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთაზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრი.

„მაღალტექნოლოგიური ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმითა და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში​აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი ბაქოში დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიახელისუფლებას სურს საპატრიარქოში პროცესები მართოს და ამისთვის არაფერს ერიდება – რატიანი