გიორგი კვირიკაშვილი : ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი

ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედებს სამი პორტი: ბათუმის, ფოთის, ყულევის პორტები.

„ამ პორტების მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობამ 2015 წელს 20 მლნ ტონა შეადგინა. საზღვაო ხაზები აკავშირებს ჩვენს პორტებს თურქეთის – სამსუნის და სტამბოლის, ბულგარეთის – ვარნის და კონსტანცას, და უკრაინის – ოდესის და ქერჩის პორტებთან. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირტბრუნვის სურათი. ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. დღევანდელი პოტენციალი არის დაახლოებით 600 000 TEU (20-ფუნტიანი ეკვივალენტი, რაც ერთ კონტეინერს ნიშნავს), პორტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, ჩვენ გვექნება დამატებით 500 000 TEU-ს გატარების პოტენციალი, ანუ თითქმის გაორმაგდება სატრანზიტო პოტენციალი და შემდეგი ფაზა, რომელიც მომდევნო 7 წელიწადში უნდა დასრულდეს, იქნება დამატებით 1,5 TEU-ს გატარების პოტენციალის შექმნა, ხოლო ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება ჰქონდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სატრანზიტო პოტენციალის, არამედ ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: 2015–2016 წლებში საქართველოში 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული მემორანდუმი მიუღებელია