გიორგი კვირიკაშვილი: 2015–2016 წლებში საქართველოში 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა

დღეისთვის ჩვენ გვაქვს 12 აეროპორტი. აქედან მხოლოდ 3–ია საერთაშორისო სტატუსის აეროპორტი თბილიდი, ქუთაისი, ბათუმი. მხოლოდ 5 აეროპორტიდან სრულდება სამგზავრო ავიარეისები – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ნატახტარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ვინაიდან ტურისტთა რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია პირდაპირი რეისების რაოდენობაზე, ფრენების გეოგრაფიასა, სიხშირეზე და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობაზე, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მხოლოდ 2015–2016 წლებში საქართველოში შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, დღეისთვის საჰაერო გზით ჩამოსულ ტურისტთა ძირითადი რაოდენობა მოდის თბილისის აეროპორტზე.

„ჩვენი ამოცანაა, ამ მიმართულებით მოხდეს დივერსიფიკაცია და განვავითაროთ დანარჩენი აეროპორტები. ქუთაისში, დღეს არსებულ 4 საერთაშორისო რეისს 7 ახალი რეისი დაემატება ევროპის მიმართულებით. ასევე, ქუთაისში ბევრი ჩარტერული ფრენა სრულდება და მის განვითარებას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებს მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ ამ მიმართულებით, რადგან ძალიან საინტერესო პოტენციალი იქნება საქართველოში. თვის ბოლოს დავასრულებთ ამბროლაურის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, რომელიც ერთი კვირის წინ დავიწყეთ და ასე სწრაფი ტემპით ვასრულებთ, დარწმუნებული ვარ, მექნება საშუალება, პირადად განვახორციელო ფრენა ამ მიმართულებით. ასევე, აშენდება თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებას და რამდენიმეჯერ გაზრდის ამ მიმართულების მიმზიდველობას ტურისტებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მომავალი წელს დაიწყება და დასწრულდება ზუგდიდის აეროპორტი.

„თელავის აეროპორტი აუცილებლად უნდა განვითარდეს; ვფიქრობთ, ახალქალაქში არსებული აეროდრომიც გავარემონტოთ და დავასრულოთ აეროპორტის მშენებლობაც, რომ ამ მიმართულებით ფრენა იყოს შესაძლებელი. ასევე, ვფიქრობთ, ომალოში ავაშენოთ მცირე აეროდრომი, რომელიც აუცილებელი იქნება თუშეთის განვითარებისთვის. თუშეთისკენ მიმავალი გზა უნდა გაუმჯობესდეს, უნდა მოხდეს მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების გაუმჯობესება, რათა ტურისტებისთვის უსაფრთხო გახდეს ამ მიმართულებით მგზავრობა და უპირველეს ყოვლისა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თუშეთი იყოს ხელმისაწვდომი. ამ გეგმებში ეს ყველაფერი შედის და 2020 წლამდე ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: რამდენიმე ხის მოჭრაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი