გიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელიას თანხმობა გირაოს საკითხზე საჭირო არ არის

გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არ არის დღის წესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია სასამართლო. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს გირაო, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას თანხმობა გირაოს საკითხზე საჭირო არ არის.

„აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე. არც სამართლებრივად, არც სხვა მხრივ მისი თანხმობა საჭირო არ არის, ისევე როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ამ კანონზე. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში. ისევე, როგორც დაკავება და დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. ხელისუფლებისთვის პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა. ამიტომ, ცდილობენ, გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა და ისრები გადაიტანონ მასზე. მთელი ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ, დაემუნათებინათ საზოგადოება, რომ ნიკა მელიას ხელში იყო გასაღები, რომ თითქოს გირაოს გადახდა ნებისმიერ დროს შეეძლო. პირიქით, 13 აპრილის პროცესზე პატიმრობა მოითხოვეს“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდანიამ J&J ვაქცინის გამოყენებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი მელაზე: გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს