გიორგი ხოჯევანიშვილი – „მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს სრულყოფილი წევრობა უზრუნველყოფს, ეროვნული ინტერესების გრძელვადიან დაცვას“

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანას დღეს უნიკალური შანსი აქვს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს და ყველა ერთად დადგნენ.

„იმედი მაქვს, როგორც უმრავლესობიდან ისე უმცირესობიდან ბოლომდე ათვითცნობიერებდნენ, თუ რამხელა შესაძლებლობების ფანჯარაა დღეს გახსნილი საქართველოსთვის. ახლა ჩვენს ქვეყანას ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ისეთი შანსი აქვს, როგორიც არ ჰქონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ შანსის განიავების შემთხვევაში, კიდევ რამდენი ათწლეულები აღარ იქნება, ესეთი შესაძლებლობა. ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რითი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში და ოპოზიციაში. დღეს მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ყველა ერთად დავდგეთ, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება. თითოეული ჩვენგანი მართალი უნდა იყოს საკუთარ შვილებთან, რომელთა მომავალიც დღეს უდავოდ ჩვენს ხელშია. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს სრულყოფილი წევრობა უზრუნველყოფს, ეროვნული ინტერესების გრძელვადიან დაცვას.

ჩვენმა გუნდმა არაერთხელ გააჟღერა სხვადასხვა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა არის საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია მოხდეს ევრო სტრუქტურებში და ჩვენი გუნდი მზად არის ევრო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებთან და აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხებზე და ამის დასტურია ის ინფორმაცია, რომელიც ეხლა უნდა მოგაწოდოთ. ჩვენი საპარლამენტო გუნდი შემდეგ კვირაში მიემგზავრება ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან შესახვედრად, იმისთვის რომ იყოს სრული და აქტიური მხარდაჭერა საქართველოს, პირველ რიგში განაცხადი, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, შემდგომში კი სრულ ინტეგრაციაზე.

დღეს ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი უნდობლობაა პოლიტიკური პროცესების მიმართ. დღეს რა პროცესებთან დაკავშირებითაც არ უნდა მოუწიოს ხელისუფლებას პოზიციონირება აქვს მხოლოდ ერთი გეგმა, რომ ეს ყველაფერი დაიყვანოს ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებამდე და ზუსტად ანალოგიური სცენარით მოქმედებს ნაციონალური მოძრაობაც – მთავარია ოცნებას დაუპირისპირდეს. ეს კი უბრალოდ სირცხვილია და ხალხი დაღლილია გაუთავებელი კინკლაობის ყურებით. ის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს ყველა ის პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ და უმთავრეს საკითხს. ჩვენმა სახელმწიფომ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის ფასი არაერთხელ გაიღო და ახლა მნიშვნელოვანია, ვიაროთ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რათა ჩვენი ქვეყნის ტრადიციებით შევძლოთ სრულფასოვანი ევროინტეგრაცია“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხერხეულიძე – „ვივამედში“ მნახველებს თუ არ დაუშვებენ, გადაყვანაზე სააკაშვილის პოზიცია არ იქნება დამაკმაყოფილებელი
შემდეგი სტატიავაშაძე – მიხარია, რომ ჯერ ელჩის დონეზე არ არის ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა