გიორგი ხოჯევანიშვილი – ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის

ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

„მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით მსურს, დავაფიქსირო გახარიას გუნდის პოზიცია.ფაქტია, რომ პოლიტიკოსების, ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს, აქედან უდანაკარგო გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ, ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, პირდაპირ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პრესპექტივისთვის, რომ აღარ ვისაუბროთ უკვე დღეს ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე დგანან, როგორიც არის ყოველდღიური შემოსავლისთვის და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია. ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ხელმოწერასთან ერთად ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა
შემდეგი სტატიაგლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება