გიორგი ხატიძე : ​ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს თვითმიზანს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ბევრი ვიმსჯელეთ

​ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ბევრი ვიმსჯელეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.

როგორც ხატიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ განიხილა კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნები, თუმცა ისინი არ იყო საკმარისი, რათა განსხვავებულ პოზიციაზე შეჯერებულიყო.

“ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ დინამიკაში ამ კანონს, როგორ იმუშავებს, როგორ მოხდება აღსრულება და თუ დაკვირვების შემდგომ წარმოიშვა სურათი, რომ კანონი ნეგატიურად აისახება კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე, შესაძლებელია, სიღრმისეულად მივუბრუნდეთ და შესაბამისი ცვლილებები განვახორციელოთ. ერთია თავად კანონი, არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით და მეორე, ის აღსრულების და შესრულების მექანიზმები, რომელიც კანონს თან ახლავს. დინამიკაში აუცილებელია ამ კანონს დავაკვირდეთ როგორ სრულდება და თუ ამ ცვლილებებმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა კომერციულ ტელევიზიებზე, ან რეგიონულ ტელევიზიებზე, შეგვიძლია, ამ საკითხებს კიდევ მივუბრუნდეთ”, – განაცხადა ხატიძემ.

მისივე თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის მიმართული იქით, რომ ნეგატიური ეფექტი მოახდინოს კომერციულ ტელევიზიებზე, ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. აუცილებელია, ყველაფერს დავაკვირდეთ დინამიკაში და თუ ისეთი სურათი დავინახეთ, რომ ცვლილებებმა რამე სახით ნეგატიური ასახვა ჰპოვა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ამ საკითხს”, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი : უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი : საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებით ზოგადად მედიაგარემო ძლიერდება