გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფქვილის მარაგის პრობლემა არ არსებობს

იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად იაფი პური, სახელმწიფომ ხელი შეუწყო ქვეყანაში იაფი ფქვილის შემოტანას, რაც ბუნებრივია, პრიორიტეტულია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

როგორც ხანიშვილმა განმარტა, ფქვილის შემოტანამ ავტომატურად გამოიწვია ხორბლის მარაგების შემცირება, რადგან ერთდროულად ორივეს მარაგი ვერ იქნება.

„რადგან ერთდროულად ორივე ვერ იქნება. ხორბალი ვერ დაიფქვება, თუ ბაზარზე იქნება იაფი ფქვილი. ეს მოტივირებულია იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად იაფი ფქვილი, რაც კი შეიძლება დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებობდეს. ამიტომ, მარაგების თვალსაზრისით ბუნებრივია, პრობლემა არ არის, მარაგი დღეისთვის არის ფქვილში, არა ხორბალში. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში უკვე დაიწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება. მთელს მსოფლიოში იწყება უკვე ახალი სეზონი, რომელიც ივლის-აგვისტოში იქნება. ეს თავისთავად იწვევს უკვე ახალი მოსავლის და ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ ახალ საფასო პოლიტიკაში დალაგდება პურის ფასი მსოფლიოში და ხორბლის ფასები უფრო სტაბილური და უფრო მისაღები იქნება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს იმ ადეკვატურ პოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება მთლიანად სექტორისათვის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კითხვას, ადგილობრივი ხორბლის როგორ მოსავალს ელოდებიან წელს საქართველოში და რა კეთდება მოსავლიანობის გაზრდისთვის, ხანიშვილის თქმით, სამინისტროს აქვს სისტემური პროექტები ფერმერების დასახმარებლად.

„ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს სისტემური პროექტები, რომელიც ეხმარება ფერმერებს, რომ ერთის მხრივ კაპიტალზე წვდომა გაუძლიერდეს, მეორეს მხრივ წელს უკვე გავაკეთეთ დამატებითი პროექტი, 5-დან 100 ათას ლარამდე შეღავათიანი აგროსესხი, უკვე საბრუნავი საშუალებებისთვის. ეს კომპლექტში ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივეხმაროთ ფერმერებს. ფერმერების მიხმარება ყოველწლიურად შედეგს გვაძლევს. ჩვენ გასულ წელს გვქონდა დაახლოებით 140 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი, წელს ვიმედოვნებთ, რომ 150 ათას ტონაზე მეტი იქნება“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არანაირ პროდუქტზე დეფიციტი არ არის.

„არანაირ პროდუქტზე ქვეყანაში დეფიციტი არ არის. თქვენ იცით, რომ სამინისტროს ომის დაწყებისთანავე ყოველკვირეულად, ახლა კი, ორ კვირაში ერთხელ გვაქვს კომუნიკაცია იმპორტიორებთან. წარმატებით მიმდინარეობს ქვეყნის მომარაგება ნებისმიერი სასურსათო მიმართულებით, არცერთ პროდუქტზე არანაირი დეფიციტის ნიშნებიც კი არ არის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

წინა სტატიაშიუკრაინას დიფტერიისა და ქოლერის აფეთქება ემუქრება – ინფექციონისტი
შემდეგი სტატიაუკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით – ზელენსკი