გიორგი კანდელაკი: თბილისის აეროპორტის სანახევროდ გაჩერებაზე პასუხისმგებლები პირადად კვირიკაშვილი და ივანიშვილი არიან

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კანდელაკი თბილისის აეროპორტის მხრიდან დღის რეისების 4 თვით გაუქმებასა და ღამის რეისების შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს.

როგორც კანდელაკი აღნიშნავს, თბილისის აეროპორტის ნახევრად გაჩერება ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას და ლარს დააზიანებს.

“როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის აეროპორტში დღის რეისები ოთხი თვის განმავლობაში არ შესრულდება. აერპორტის ცნობით, ღამის რეისების გაურკვეველი რაოდენობაც გაუქმდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების გამო.

თბილისის აეროპორტი არა მარტო გარესამყაროსთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი, არამედ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების მნიშვნელოვანი კარიბჭეცაა. ბუნებრივია, რეისების შემცირება ვიზიტორების რაოდენობას – განსაკუთრებით სათხილამურო სეზონის პიკზე, შეამცირებს. ეს კი პირდაპირ დააზიანებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას და ლარს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ კრიზისულ მდგომარეობაზე, “ქართული ოცნება”, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილია პასუხისმგებელი,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური უკუსვლის შეჩერების არც უნარი და არც გეგმა.
“2012 წლის 4 სექტემბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო არსებული ზოლის ექსპლოატაციის შეუფერხებლად. ახალმა მთავრობამ, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმეს და განაცხადეს, რომ ზოლს თავად სახელმწიფო ააშენებდა. “ოცნების” სხვა დაპირებების მსგავსად, ცხადია, არც ეს დაპირება შესრულდა. ამასობაში ბოლომდე ამორტიზდა ძველი ასაფრენი ზოლი და დადგა მისი შეკეთების გადაუდებელი აუცილებლობა.

აეროპორტის სანახევროდ გაჩერება წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული მავნებლური გადაწყვეტილების ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ მაგალითს. გასულ წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადს უნდა მიეღწია მილიონი მგზავრისთვის – ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა შემოსულიყო დაბალბიუჯეტიანი ფლაგმანი “რაინეარი”. ამის ნაცვლად ქუთაისში ისედაც მცირე მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო შემცირდა. შეჩერებულია ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მრავალი სხვა პროექტი (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა). მოცემული კრიზისი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური უკუსვლის შეჩერების არც უნარი და არც გეგმა და სწორედ ამიტომ იგი უნდა წავიდეს,” – აცხადებს კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს აკვირდება
შემდეგი სტატიამეჭიაური ლართან შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტს ადანაშაულებს