გიორგი კანდელაკი : ევროკავშირის განცხადება „ევროპულ საქართველოს“ საკუთარ თავზე არ მიგვიღია

„ევროპულ საქართველოს“ ევროკავშირის განცხადება საკუთარ თავზე არ მიგვიღია, რადგან მაშინაც კი, როცა გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს პარტნიორთან, გერმანიის ელჩთან, რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ ყოველთვის იცავდა საეროდ მიღებულ ეტიკეტს და აღიარებულ დიპლომატიურ ნორმებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ელჩი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონტროვერსიებში არ უნდა შედიოდეს.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ამას სიმპათიით და კეთილგანწყობით ვამბობთ გერმანიის ელჩის მიმართ, რომ ელჩი არ უნდა შედიოდეს იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონტროვერსიებში, სადაც არის, მითუმეტეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც იცავს უმცირესობების უფლებებს. უმცირესობებისა, რომლებიც ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ასეთ სამოქალაქო საზოგადოებათან კონფლიქტში არ უნდა შედიოდეს და არც ფედერალური პროკურატურის სიტყვებს თარგმანში არ უნდა კარგავდეს“, – განუცხადა კანდელაკმა საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.

ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თანაუგრძნობდა გერმანიის ელჩს, რათა ის შარში გაეხვია. მისივე თქმით, გერმანიის ელჩი თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს.

ამასთან, გუშინ ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ვერ გეტყვით, დაიწყო თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა, საქართველოში სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : შეცდომა ყველას მოსდის, მათ შორის გამოცდილ დიპლომატებს