გიორგი კანდელაკი : დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს საერთაშორისო ავტორიტეტს

ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, 19 ივნისს თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება, სადაც ჩამოსვლას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის რამდენიმე წევრი გეგმავს, რაც არასასურველია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კანდელაკმა განაცხადა, დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტს.

„საუბარია შემდეგ დეპუტატებზე: სერგეი გავრილოვზე, რომელიც რუსეთის „კომუნისტურ პარტიას“ წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გავრილოვი აფხაზეთში აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. იგი ასევე იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში აღსანიშნავია, რომ კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი, ასევე მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს. გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის სხვადასხვა ეკლესიების მიერ აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგო ლობირებაა. 2015 წელს აღნიშნულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს“, – აცხადებს კანდელაკი.

დეპუტატის ცნობით, საქართველოში ასევე იგეგმება რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპას ჩამოსვლაც, რომელიც აქტიურად გამოდის რუსეთიდან 2006 წელს მასობრივად გამოძევებული ქართველების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად გამოძევებულთათვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ.

„ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას. იგი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია. ასევე იგეგმება ივან სუხარევის – ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიის წარმომადგენელის ჩამოსვლა, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში. სუხარევი არაერთხელაა ნამყოფი როგორც ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში. გასული წლის ნოემბერში იგი ესწრებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციას და აკრძალული აქვს შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება იქნება უკრაინის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი“, – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში“სერგეენკო გახდა იმ გამოკითხვების მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ბევრად მეტი კეთილგანწყობილი ადამიანი ჰყავს ქვეყანაში ვიდრე ივანიშვილს” – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება – წიკლაური სერგეენკოზე