გიორგი კანდელაკი : ცხადია, პრემიერის ასეთი მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი არათანმიმდევრულობის მაგალითია.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას პირდებოდა.

„ამ დაპირების კონტექსტში „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი უმაღლესი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა. დღეს არათანმიმდევრულობას ვხედავთ. ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ გარკვეულწილად, მთავრობა საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ცდილობს მაშინ, როდესაც ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ფაქტობრივად, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, საქართველოს მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება.

„ცხადია, ასეთი მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება. თანმიმდევრული პოლიტიკის კონტექსტში, ჩვენ მთავრობას კონკრეტული წინადადება, სანქციების პაკეტის შემოღება შევთავაზეთ. ეს მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია. ხან ასე და ხან ისე, არ გამოვა. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული, კომპეტენტური პოლიტიკა და საქართველოს საკითხის უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება გვჭირდება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე : პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა ძალიან დროული იყო
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი