გიორგი კახიანი – როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას გულისხმობს

როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას შეიძლება, ჰქონდეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებლი გამოკითხვის შედეგებს.

მისი შეფასებით, ეს არასწორია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ამავდროულად, ასეთი კვლევის შედეგებიც, ბუნებრივია, ძალიან დიდი ალბათობით, რელევანტურად ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თბილისის ოფისის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევას იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით, საუბარი იყო, თითქოს საქართველო კორუფციის ჭაობშია ჩაძირული.

„ეს მაშინ, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვაშინგტონის ოფისის მერ ჩატარებული ანალოგიური კვლევიდან გამომდინარე, საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესებულია, ანუ ამ თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები არის. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ტარდება კვლევა, რა კითხვებია დასმული. არასწორად დასმული კითხვებიდან საზოგადოების განწყობაც შესაძლოა, არარელევანტური იყოს”, – აცხადებს გიორგი კახიანი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც ზეწოლით უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. ამასთან, გამოკითხვის შედეგებით, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე და ჯაფარიძე ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ბანკი წაართვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათი წილები არის უცვლელი- გვენეტაძე
შემდეგი სტატიაროგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა – გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს