გიორგი კახიანი – დიდი მოლოდინია, რომ ვეტო იქნება გათვალისწინებული

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტს მხოლოდ ორი შენიშვნა აქვს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობაც ეთანხმება.

„ჩვენ შევეცდებით, გავითვალისწინოთ პრეზიდენტის ვეტოში წარმოჩენილი შენიშვნები. ამის მიზეზი არის ის, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს კანონპროექტი გადაეგზავნა, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამ რეჟიმის პირობებში მივედით გადაწყვეტილებამდე, რა შემთხვევაში შეიძლებოდა პრეზიდენტის ვეტოში დასმული შენიშვნების გათვალისწინება. სახეზეა იმის მაგალითი, თუ რა დიდი პოზიტივი შეიძლება ჰქონდეს სახელისუფლებო განშტოებებს შორის თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას, ხშირ შემთხვევაში, თვეები სჭირდება.

„ჩვენს შემთხვევაში, მართლაც იყო უპრეცედენტო ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ წინასწარი დასკვნა მოკლე ვადაში გამოაქვეყნა. ჩვენ ვაპირებთ, ყველა შენიშვნა გავითვალისწინოთ. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში ძალიან ბევრი პუნქტი არის საჭირო და კარგი, რაც პრეზიდენტმა და ვენეციის კომისიამ გაიზიარა. არის ორი საკითხი, რასაც პრეზიდენტი არ დაეთანხმა. ვაპირებთ, ორივე შენიშვნა გავითვალისწინოთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს წინაპირობა, რომელიც ვეტოს დადებას წინ უძღოდა. ხვალ ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეილებას მივიღებთ და პრეზიდენტის ვეტოზე ამ კვირაშივე ვიმსჯელებთ. დიდი მოლოდინია, რომ ვეტო გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაში(Video) ირინა სარიშვილი: ივანიშვილი ვაბანკზე მიდის
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ევროკავშირის დაშლის ნიშნებზე ისაუბრა