ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს არ ჰყავს საკუთარი კანდიდატურა, მან ეს გუშინ დააფიქსირა და თქვა, რომ ის სრულად ეყრდნობა ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას,- აცხადებს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.
ბოჟაძის თქმით, პრეზიდენტი დღეს იმ სამ კანდიდატს წარადგენს, რომლებიც გუშინ უკვე დასახელდა, ხოლო მეოთხე კანდიდატმა გიორგი ჯავახიშვილმა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე თავად პრეზიდენტს არ ჰყავდა კანდიდატურა, მას არ დაუსახელებია ვინმე. მან განაცხადა, რომ სრულად დაეყრდნობოდა სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას. გუშინ გვქონდა ძალიან ღია შეხვედრა, სამუშაო რეჟიმში ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. გუშინ დასახელდა 4 კანდიდატი, თუმცა ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა თავად თქვა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. მე მქონდა საშუალება გამეცნო პრეზიდენტისთვის ჩემი ხედვები – ეს არის ორი ძირითადი საკითხი. იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია წლებია მუშაობს ამომრჩევლების რევისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, წლებია საქართველოში 200 ათასამდე მოქალაქეს ყველა არჩევნებზე ჰქონდა პრობლემა იმისა, რომ ვერ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. კვლავ რჩება პრობლემა 600 ათასზე მეტი ამომრჩევლის, რომელსაც რეგისტრაცია აქვს მაგრამ ცხოვრობს ფაქტობრივად სხვა მისამართზე და მათთვის ძალიან რთულია კენჭისყრის დღეს გადაადგილება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ, ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ელექტრონული სისტემის ხმის მიცემის დანერგვა, სწორედ იმ კატეგორიის ამომრჩევლებისთვის, რომელთაც აქვთ უბანზე მისვლის პრობლემა. ეს რა თქმა უნდა, არ გულისხმობს სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას, უნდა დარჩეს ორივე. მეორე ასევე არანაკლებ მნივნელოვანია, ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, უმეტესობა განცხადება-საჩივრების იწერება სწორედ პროცედურულ დარღვევებზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემა. აქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი 4-6 წლის მანძილზე უნდა შემოვიღოთ სარეკომენდაციო სერთიფიცირება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისთვის“,- განაცხადა ბოჟაძემ.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დღის ბოლოსთვის მიიღებს.
შეგახსენებთ, გუშინ 4 კანდიდატურა დასახელდა, ესენია: თამარ ჟვანია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია.