გიორგი იოსავა: ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში და საქართველოს ნაკრებში თამაშია

გ. იოსავა მალტის კლუბში „Sliema Wanderers FC“

ბოლო დროს ფეხბურთის გულშემატკივრებისა და სპეციალისტების გარკვეულ ინტერესს იწვევს ბელგიაში დაბადებული და გაზრდილი, ბელგიისა და ესპანეთის გუნდების ყოფილი ფეხბურთელის გიორგი იოსავას თამაში. 20 წლის გიორგიმ, რომელიც გასულ სეზონში  გამოდიოდა ესპანეთის კლუბში „La Roda“ CF, სამი კვირის წინ ხელი მოაწერა პროფესიულ კონტრაქტს – ის გახდა მალტის ერთიერთი უძველესი და ტიტულოვანი კლუბის Sliema Wanderers FC“ ფეხბურთელი. ამ გუნდში მან  უკვე ითამაშა რამდენიმე სპარინგ-მატჩი და დაიმსახურა მაყურებლების, სპეციალისტებისა და მასმედიის მოწონება, კლუბი 27 აგვისტოს ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.

გ. იოსავა მალტის კლუბში „Sliema Wanderers FC“

ამ სტრიქონების ავტორი გაესაუბრა ჯერ ფეხბურთელის მამას, ბელგიაში მცხოვრებ მიხეილ იოსავას, შემდეგ კი მალტაზე მყოფ გიორგის.

– ბ-ნო მიხეილ,  ბელგიაში დიდი ხანია ცხოვრობთ, თქვენი ბიჭი იქ დაიბადა და გაიზარდა, როგორ აღმოჩნდა გიორგი ფეხბურთში?

–  მამაჩემი, ელვარდ იოსავა (1939-2017), აბაშის რაიონის სოფელ ძველი აბაშის მკვიდრი იყო.  ფეხბურთელი იყო, 1960-ან  წლებში თამაშობდა აბაშის გუნდში ( აბაშის «განთიადი»  გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში – თ.პ.),  მისმა შვილიშვილმაც (იცინის) ფეხბურთის  გზა აირჩია. მეც  აბაშიდან ვარ, ჩემი მეუღლე ლელა ფიფია მამით წალენჯიხელია, მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრობდა აბაშაში,დედულეთში. სანამ ბელგიაში გადმოვიდოდით, თბილისში ვცხოვრობდით, მე უმაღლესი განათლება თბილისში მივიღე, მეუღლემ ქუთაისში. ხომ იცით, 1990-ანი  წლები ძალიან მძიმე იყო საქართველოში, ჩვენ ქვეყანას ძალიან უჭირდა,  2000 წელს  გადმოვსახლდით ბელგიაში, ანტვერპენში, გვყავს სამი შვილი, ანტვერპენში დაბადებულები 21 წლის ნინო( უმაღლესი შეფასებით დაამთავრა MA’GO Academie voor Muziek,Antwerpen, ამჟამად არის ანტვერპენის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის მაგისტრატურის სტუდენტი), 20 წლის გიორგი  და 8 წლის ელისაბედი. გიორგი დაიბადა 2002 წლის 7 აგვისტოს.

გ. იოსავა მალტის კლუბში „Sliema Wanderers FC“

ზაფხულობით ჩავდიოდით საქართველოში, მამაჩემი, ელვარდი გიორგის სულ ფეხბურთზე ესაუბრებოდა.  მეც  ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, ჩემი მეუღლის ძმა, ლევან ფიფია, ახალგაზრდობაში ფეხბურთს თამაშობდა, ის საქართველოში ცხოვრობს, ჩემი დისშვილები,საქართველოში მცხოვრები  დავით და ნიკოლოზ კვარაცხელია ( ხვიჩას მოგვარეები) ფეხბურთელები იყვნენ ახალგაზრდობაში. ასეთ საფეხბურთო ატმოსფეროში იყო  გიორგი ბავშვობიდან. 5 წლის ასაკიდან თამაშობდა ბელგიაში, 9 წლიდან კი  ბავშვთა გუნდებში. მამაჩემი სულ ეუბნებოდა  შვილიშვილს «გიორგი, მიხარია, რომ ფეხბურთს თამაშობ, ბევრი უნდა იშრომო, მინდა  ჩემპიონთა ლიგაში ითამაშო». ელვარდი ოცნებობდა ენახა შვილიშვილის თამაში ჩემპიონთა ლიგაში, 4 წლის წინ გარდაიცვალა. მისი გარცაცვალების შემდეგ გიორგიმ მითხრა, რომ ბევრს იშრომებს, რომ წარმატებული ფეხბურთელი გახდეს – გააახაროს მშობლები, დები, ნათესავები, ახლობლები, და რაც მთავარია – საქართველო.

– გიორგი ბელგიის და ესპანეთში თამაშობდა,  როგორ აღმოჩნდა მალტის კლუბში?

– 2012 „ბეერშოტი“, გ. იოსავა გუნდთან ერთად

-9 წლის ასაკში (2011) დაიწყო  თამაში ანტვერპენის  კლუბ «Berchem Sport»-ში, 2012-ში იმ პერიოდში პირველ ლიგის  გუნდმა «Koninklijk Beerschot AC»  მიიწვია, ისე მოხდა, რომ  აიყვანეს ჯერემი დოკუს ( ახლა არის ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი) შემცვლელად, ჯერემი მაშინ გადავიდა „Anderlecht“-ში. 2013 წელს ფინანსური პრობლემების გამო «Koninklijk Beerschot AC» გამოეთიშა პირველ ლიგას, გიორგი  გადავიდა იმ დროს ბელგიის თასის მფლობელ «KSC Lokeren»-ს გუნდში, სადაც ითამაშა 4 წელი, იმ დროს  მიიღო  მოწვევა ბელგიის ჭაბუკთა (U-15 ) ნაკრებში, ემზადებოდა, თუმცა  სუბიექტური, გიორგისა და ჩვენგან დამოუკიდებელი  მიზეზების გამო იქ თამაში არ მოუწია. 2016 „ლოკერენის“ -დან გადავიდა  «Beerschot»-ში, 16 წლის იყო და ვარჯიშობდა დუბლებთან ერთად, შეთავაზეს კონტრაქტი, მაგრამ რამდენიმე  არგუმენტის გამო გადაწყვიტა კარიერა გაეგრძელებინა ესპანეთში. 2019 წლიდან  «Levante UD»-სთან ერთად ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური მატჩი, ერთი წელი ითამაშა «U.D Alzira»-ში, 2021-2022 წწ სეზონი პროფესიონალური კონტრაქტის საფუძველზე თამაშობდა  გუნდში «La Roda CF».

გ. იოსავა ბავშვთა გუნდში ბელგიაში

რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდნენ მალტიდან, აგვისტოს დასაწყისში ხელი მოაწერა Sliema Wanderers FC“ კონტრაქტს მისთვის მისაღები პირობებით 1+1.  სხვათა შორის, ანტვერპენში მცხოვრები ჩემი ძმიშვილი, 9 წლის ალექსანდრე იოსავა, უკვე ერთი წელია რაც ადგილობრივ ბავშვთა გუნდში თამაშობს, ის ოცნებობს გახდეს ფეხბურთელი და თვალყურს ადევნებს ბიძაშვილის (გიორგის)კარიერას.

 

ამის შემდეგ დავუკავშირდი მალტაზე მყოფ გიორგის.

 

– მალტაზე როგორ მიგიღეს, ადაპტაცია როგორ მიდის?

მამა-შვილი მ. და გ. იოსავები ბარსელონაში

– ძალიან თბილად მიმიღეს გუნდში,  აქ საქართველოზე თითქმის ყველამ იცის, მითუმეტეს, რომ  ახლა ხვიჩა კვარაცხელია არამარტო იტალიაშია პოპულარული, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მინდა ვუსურვო ხვიჩას ახალ- ახალი წარმატებები, დიდი მადლობა მას, რომ ახარებს მილიონობით ადამიანს და ფეხბურთის კუთხით აცნობს ევროპას საქართველოს. აქ, მალტაზე, მე ყველგან ვგრძნობ სითბოს. აქ მექნება საშუალება ვითამაშო უმაღლესი ლიგის ტიტულოვან გუნდში, რათა  მომავალში გადავდგე შემდეგი ნაბიჯი და  მივიღო მოწვევა სხვა ქვეყნიდან – უფრო ძლიერი ლიგიდან და უფრო ძლიერი კლუბიდან.

– თქვენი მიზანი ფეხბურთში?

-მე ბელგიაში დავიბადე და გავიზარდე, ვარ ბელგიისა და საქართველოს მოქალაქე, პატივს ვცემ ბელგიას და ბელგიელებს, ამავე დროს ყოველთვის ყველგან აღვნიშნავ, რომ მე ქართველი ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში(U-21 ) მოხვედრა, მერე კი თუ დადგა ასეთი დრო-საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ძირითადად ვარ შემტევი ნახევარმცველი, ხშირად მითამაშია თავდასხმაშიც. საკლუბო დონეზე კი მინდა ისე ვითამაშო, რომ მალე მოხვდე ისეთ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია44 900 ჯარისკაცი, 1 907 ტანკი, 4 212 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი