გიორგი გუგუჩია: შავღელესა და ფოთში ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა საცხოვრებლი სახლები დააზინა, მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და სავარგულები. ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, ერთი სახლი კი ქარმა მთლინად წააქცია. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სპეციალური კომისიის მიერ დილიდანვე მოხდება მიყენებული ზიანის დათვლა, რის შემდეგაც მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა დაზარალებულ ოჯახებს, სასტუმროებში დაბინავება შესთავაზა, თუმცა ადგილობრივებმა სოფელში დარჩენა არჩიეს და მათი განაწილება ადგილზევე მოხდა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები.

წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა გზები და ეზოები. დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ფოთშიც. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები.

ფოთში მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ქალაქის სხვადასხვა უბანში დაზიანებული სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით მოხდა. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

banner
წინა სტატიაშისკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები