ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები.
„ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგჩია.
სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა მესტიის მიმართულევბით გზის საკითხზეც, მისი განმარტებით, წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად, ცენტრალურ გზაზე ჩაკეტილი 19 მოქალაქისა და მანქანების ტერიტორიიდან გამოყვანა.