გიორგი გუგავა – შელაგდით პარლამენტში და შეირგეთ გაყალბებული არჩევნები

შელაგდით პარლამენტში და შეირგეთ გაყალბებული არჩევნები, ასე არ გამოვა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„ჩვენი ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას: ჩამოქცეული ეკონომიკა, უსაფრთხოება, უმწვავესი სოციალური მდგომარეობა, მოშიმშილე ბავშვები – ეს ყველაფერი მოიტანა სწორეთ ოლიგარქიულმა მმართველობამ. ამიტომ, თუ გვინდა ეს საკითხები გადაწყდეს, აუცილებელია ახალი არჩევნები, რის შედეგადაც მოვა პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც იზრუნებს სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე. არის საკითხები, სადაც კომპრომისი შეუძლებელია, რადგან გადის ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე. ერთადერთი გზა, რომ გავიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არის ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ამას ხაზს უსვამენ ჩვენი მოკავშირეებიც. ეს არ არის თამაში: „მე მოგიტეხავ მჭადს, შენ მომიტეხე ყველი“ – ასე ხომ არ არის. ოპოზიცია სწორედ კომპრომისულად იქცევა, მაგრამ საკითხებზე, რომელიც გადის ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე, უკან დახევა ვერ იქნება. ასე რომ, „შელაგდით პარლამენტში და შეირგეთ გაყალბებული არჩევნები“ – ასე არ გამოვა, ეს ჩამოაქცევს ამ ქვეყანას“, – განაცხადა გუგავამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ პარტიები შეთანხმებას შეძლებენ, თუკი გაბედულ კომპრომისზე წავლენ. მისივე თქმით, პოზიციების შეჯერების ადგილი საქართველოს პარლამენტია.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას ფარულ ჩანაწერებზე სასამართლო განახლდა და გადაიდო