გიორგი გუგავა – მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 31, 2020 14:35

გიორგი გუგავა – მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართლმსაჯულება მთლიანად პოლიტიზებულია.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი საგანი სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო, რაც დაირღვა.

„სასამართლო ჯიბეში უდევს ოლიგარქს. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი საგანი სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, სასამართლო გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ივანიშვილმა დაარღვია, გადააგდო დასავლელი მოკავშირეები და ქართველი ხალხი. ჰგონია, რომ ეს თამაში გაუვა. რეალურად, გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა დაამძიმა საკუთარი განაჩენი, რომელიც მას წინ ელოდება. ეს იქნება სანქცირება, მისი პასუხისგებაში მიცემა“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.

ამასთან, გუგავას განმარტებით, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს.

„ალბათ, ამას გააკეთებენ ისევ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით. ის ხომ ერთგვარი ხელის შესახოცი ფიგურაა, ყველა შავ საქმეს მას აკეთებინებენ, რომ საკუთარი დაიზღვიონ, თითქოს, თავად ამ საქმეში არ არიან ჩარეული. დასავლეთის რეაქცია ვნახეთ, ისინი ხელისუფლებას გადაგდებას და შეთანხმებების დარღვევას არ პატიობენ. დასავლური თამაშის წესია შეთანხმების შესრულება. ივანიშვილი მოქმედებს რუსული კალკით, გადაგდების მეთოდიკით, ეს არ გაუვა. ამით სანქციებს გამოკრავს ხელს“, – აღნიშნა გუგავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 31, 2020 14:35