გიორგი გობრონიძე: ნებისმიერი მცირე გადახრაც კი ნეიტრალური კურსიდან, შესაძლოა, გრძელვადიანი ნეგატიური შედეგით დასრულდეს თბილისისთვის

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც გარე, ისე – შიდა რისკების თვალსაზრისით, – ასე აფასებს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი გიორგი გობრონიძე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ ვითარებას.

“უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის ყოველი დღე მნიშვნელოვნად აუარესებს რეგიონის ეკონომიკურ გარემოს და აზიანებს რეგიონის ქვეყნების გრძელვადიანი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, აღნიშნული სერიოზული გამოცდაა ქართული დიპლომატიისთვის. იმ პირობებში, როცა მიუხედავად საქართველოსა და მისი მეზობლების ურთიერთობების დადებითი დინამიკისა, ქვეყნებს შორის არსებობს ისტორიული და კულტურული ფაქტორებით განპირობებული უნდობლობის ატმოსფერო, პრაქტიკულად ქართული მხარის ყველა სიტყვა არის მეზობლების მხრიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ შემოწმებული.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დარჩეს მაქსიმალურად ნეიტრალური. ჩვენ ვერ და არ ავირჩევთ მხარეს, რამდენადაც ნებისმიერი მცირე გადახრაც კი ნეიტრალური კურსიდან, შესაძლოა, გრძელვადიანი ნეგატიური შედეგით დასრულდეს თბილისისთვის. ამას გარდა გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის ფაქტორი. მნიშვნელოვანია არ დაუშვას საქართველომ, რომ აღნიშნული ჯგუფების ნაციონალურმა განწყობებმა და ბუნებრივმა ემოციებმა, რაც გამოიხატება მათი ისტორიული სამშობლოს მიმართ სოლიდარობაში, გადაწონოს ეროვნული ინტერესი”, – აცხადებს გიორგი გობრონიძე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.

ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების და დაჭრილების შესახებ, რომელთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : პრემიერმა ბრიუსელში შედეგიანი შეხვედრები გამართა, პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს