გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ის რექტორს გადადგომისკენ მოუწოდებს

გიორგი გაფრინდაშვილი, რომელმაც თსუ-ს კანცლერობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას გადადგომისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრინდაშვილი განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაპავამ, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პირმა, სიტუაციის ნორმალიზების, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა, რის გამოც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე გაპასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს.

“ვითვალისწინებ რა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწოდებას, სტუდენტების გახლეჩის და მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ვხსნი ჩემს კანდიდატურას.
ამასთან ერთად ვაცხადებ, რომ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება იყო იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც დაიწყო რამდენიმე დღის წინ და ემსახურებოდა ჩემი, როგორც კანცლერობის კანდიდატის დისკრედიტაციას, მზად ვარ პასუხი გავცე ჩემი წარსულის შესახებ ნებისმიერ კითხვას.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს აკადემიურ საბჭოში ნდობისათვის, თითოეულ სტუდენტს, ადმინისტრაციის თანამშრომელსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანადგომისათვის და ბოდიში მოვუხადო მათ ჩემი ამ გადაწყვეტილების გამო.

ბოლო დროს უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც საფრთხის ქვეშ დააყენა უმაღლესი სასწავლებლის ნორმალური ფუნქციონირება და გამოიწვია სტუდენტების დაპირისპირება მართული იყო იმ ძალების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ კანონის სრული დაცვით არჩეული კანცლერობის კანდიდატის დისკრედიტირებას და უნივერსიტეტის გახლეჩას.

ვთვლი, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს უნივერსიტეტის რექტორმა, რადგან მან, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პირმა, არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა მიმდინარე დღეებში სიტუაციის ნორმალიზების, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის… რექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის თავზე აღება არ მინდა ორაზროვნად იქნას აღქმული. ამიტომ განვმარტავ – იგი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან,” – აცხადებს გაფრინდაშვილი.

გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე საათის წინ მოხსნა, თუმცა ამის მიუხედავად მის წინააღმდეგ საპროტესტოდ განწყობილი სტუდენტები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სხვა მოთხოვნებით მიმართავენ, მათ შორის ისინი თსუ-ში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და თვითმმართველობის რეორგანიზებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: „ამიტომაცაა ინგა გრიგილია წარმატებული და ამიტომაც მიყვარს!“
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საგანგებო განცხადებას ავრცელებს