“გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალასთან ერთობას ვერც წარმოვიდგენ”

ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უკვე ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ამ ერთობით ვიბრძოლოთ, რათა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ერთობა. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მიერ გადალახული ყველა ბარიერი იყო ერთობის მიერ მოტანილი წარმატება. თუნდაც ის დოკუმენტი, რაზეც ასე აქტიურად ვსაუბრობთ ჩვენც და საუბრობს ოპოზიციაც, ეს იყო ერთობით მიღებული დოკუმენტი. ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უკვე ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ამ ერთობით ვიბრძოლოთ, რათა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და რაც არის მთავარი მიზანი ამ არჩევნებისა, ფაქტობრივად ვაქციოთ რეფერენდუმად, რადგან ხელისუფლებას არ მიეცეს უკანონოდ მითვისებული ვადის გაგრძელების საშუალება. გახარიასაც, ვაშაძესაც და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, მიიღოს თავისი გადაწყვეტილება და დააყენოს მერობის კანდიდატი. ამაში მე რამე განსხვავებულს და ისეთ პრობლემურს ნამდვილად ვერ ვხედავ.

გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალასთან ერთობას ვერც წარმოვიდგენ, რადგან ის ჩემთვის იგივენაირად დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს მან ქართველი ხალხის წინაშე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ, რომელიც აგრძელებს ქვეყნის ნგრევას. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, ჩვენი მხრიდან მოწოდება გაკეთდა და ამ მოწოდებას შემოუერთდებიან, თუ არ შემოუერთდებიან, ეს უკვე მათი პირადი საქმეა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიგახარიამ და ვაშაძემ ფოთის მერობის კანდიდატები შეარჩიეს
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა