გიორგი გახარიას პარტიის წევრი დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ

პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიის წევრი დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, განმარტა, რატომ იწუნებს მისი პარტია ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში „არცერთი სიტყვა არ არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შესახებ, ისევე როგორც არ არის არცერთი ნაბიჯი უსარგებლო საგადასახადო შეღავათების შემცირებასთან დაკავშირებით და არცერთი ღონისძება სოციალური მხარდაჭერის შესახებ“.

„არცერთი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ 2020-ში დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, არ განხორციელდა, ეს არის პრობლემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მომდევნო წლების განმავლობაში დააზიანებს. მართალია, ბიუჯეტის დეფიციტი 1.5 მილიარდით შემცირდა, რაც კარგია, თუმცა ეს შემცირება საკმარისად ვერ აისახა ე.წ. საოპერაციო ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილში. ეს არის ბიუჯეტის ის ნაწილი, სადაც ასახულია ხელფასები, პრემიები, საქონელი და მომსახურება და ა.შ.“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, ლილუაშვილის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ ისაა, რომ ხელისუფლებამ პროცესის ლეგიტიმურად წარმართვის საშუალება მოიპარა.

„ბიუჯეტის პროექტს ვერ დავუჭერთ მხარს, რომელიც „ოცნებამ“ ხალხს მოპარა და საშუალება არ მისცა, საბიუჯეტო პროცესი ლეგიტიმურად წარმართულიყო. მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტი დამტკიცდა წინა მოწვევის საკრებულოების წარმომადგენლების მიერ, რომელთაც მოქალაქეებმა ხმა 2017 წელს მისცეს. ხელისუფლებამ პროცესის ლეგიტიმურად წარმართვის საშუალება უბრალოდ მოიპარა“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მოუთმენლად ველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად პარტნიორებთან ერთად აქტიურ ჩართულობას
შემდეგი სტატიახოშტარია: პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება პოლიტიკური დაჭერების ფონზე