გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონში მომხდარი ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი, ერთიანი სამთავრობო ხედვის და პოლიტიკის კოორდინაციის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და სამომავლოდ, ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში მისი გამოყენების აუცილებლობას.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გააქტიურების აუცილებლობას და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ კუთხით არსებობს.

პრემიერის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით არსებული გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემაა, რის გადაჭრაშიც საქართველოს მთავრობის ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურებას და პირდაპირ ჩართულობას.

გიორგი გახარიამ ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ობიექტური საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვირუსის ბლოკატორები