გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან არგადგომით საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2019 16:59

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან არგადგომით საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან არგადგომით საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა.

კვირიკაშვილი ტვ პირველთან საუბარში ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ ან გახარიამ ან ვინმე სხვამ სპეცრაზმს ადამიანებისთვის თვალების ამოთხრის ბრძანება გასცა, “თუმცა რადგან ასეთი რამ მოხდა, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება”.

“მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, ეს იქნებოდა მისი პოლიტიკისთვის სწორი ნაბიჯი და პოლიტიკური კარიერისთვის ის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით.

რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა,” – ამბობს კვირიკაშვილი.

20 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად დაარბია. სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით აქცია საბოლოოდ დაარბია.

აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ცალი თვალი დაკარგა.

ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებოდა მოთხოვნით, გიორგი გახარიას, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, აეღო მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ნაცვლად ამისა, გახარია დააწინაურეს და გავრილოვის ღამიდან არასრულ 3 თვეში ის პრემიერმინისტრის რანგში მოგვევლინა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის ზაფხულში გადადგა და ამ თანამდებობაზე ის მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა. გადადგომიდან პირველი საჯარო განცხადება მან 21 ივნისს, სწორედ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მომხდარი დაგმო და ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2019 16:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,249
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics