,,გიორგი გახარიამ ოპოზიციას გვითხრა, რომ უახლოეს თვეებში დაგვასრულებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციას ათასობით მოქალაქე წარმოადგენს”

გიორგი გახარიამ ოპოზიციას გვითხრა, რომ უახლოეს თვეებში დაგვასრულებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციას ათასობით მოქალაქე წარმოადგენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე როდესაც ვსაუბრობთ, მგონია, რომ პარადოქსის წინაშე ვართ. საქართველოს შესახებ, ჩარლზ დიკენსის ცნობილი მოთხრობის მსგავსად, ორი განსხვავებული ისტორია არსებობს. ერთ-ერთი თქვენ უკვე მოისმინეთ, ჩემი კოლეგა არჩილ თალაკვაძისგან – საქართველო არის რუსეთის უკანა ეზოში, დემოკრატიისთვის მებრძოლი ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. მეორე ისტორია კი არის ქვეყნისა, რომელიც სერიოზული და ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას. მეორე მხრივ, ძალიან სწრაფად იქცევა წარუმატებელი დემოკრატიის ისტორიად რეგიონში.

რატომ იყო მნიშვნელოვანი გავრილოვის ღამე, როდესაც მთავრობამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები? რადგან ყველა კრიზისულ სიტუაციაში ხდება – ამ დროს გამოჩნდა ხელისუფლებისა და საზოგადოების ნამდვილი სახე. ყველაზე მთავარი, რა დასკვნაც გამოვიტანეთ, არის შემდეგი – თუ აქამდე გვეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა უბრალოდ არაკომპეტენტურია, იმ ღამეს დავრწმუნდით, რომ ეს არის მთავრობა, რომელიც მზად არის, გამოიყენოს ძალა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ მათ ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება.

მგონია, რომ ჩვენ მთავრობის ყველა ნაბიჯს უნდა გადავხედოთ. ამ ღამემ აჩვენა ის უფსკრული, რომელიც მმართველ გუნდსა და საზოგადოებას შორის არსებობს, იმ საკითხზე, თუ რა დოზით არის რუსეთი საქართველოში ასატანი. ეს უფსკრული ძალიან დიდია. საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში, რათა გაეპროტესტებინათ, რომ ხელისუფლება მათ პოზიციას აღარ გამოხატავს. ქვეყანას არაფორმალურად მართავს რუსი ოლიგარქი, რომელიც ქვეყნას საკუთარი ბიზნესივით მართავს. ის არ ფიქრობს ქვეყნისა და მთავრობის მართვაზე, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. საზოგადოების ზეწოლის შედეგად, როდესაც ათასობით ადამიანი იყო ქუჩაში, მოუწოდეს ივანიშვილს ტაქტიკური უკან დახევა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოსვლა, მაგრამ მთავრობის საპასუხო რეაქცია 20 ივნისის ღამის მეორე დღეს იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ავტორიტარული ხელისუფლების შესახებ წიგნებში წერია. გამოძიება დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩემს კოლეგა ნიკა მელიას ვგულისხმობ, რომელსაც საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს, რათა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო და ახლა ის შინაპატიმრობაშია. პარლამენტში მოხდა ინიცირება რეზოლუციისა, რომელიც გადატრიალების მცდელობას ეხება და აქ შეკრებილები ძალიან კარგად ხვდებიან, რას ნიშნავს ეს. ეს არის ძალიან ფართო გზა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის ბევრი ადამიანის წინააღმდეგ ოპოზიციაში. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა პარლამენტში გუშინ, როდესაც მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის მთავარი არქიტექტორი, რომლის გადადგომაც ითხოვდნენ დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. გუშინ გახარიამ პირადად გვითხრა პარლამენტში ოპოზიციას, რომ ის ჩვენ დაგვასრულებს უახლოეს თვეებში. როდესაც ის ოპოზიციის დასრულებაზე საუბრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციას ათასობით მოქალაქე წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ჩვენი პრობლემაა მთავრობა, რომელიც მტერს ამოცანას უადვილებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – „ქართული ოცნების” პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს