გიორგი გახარიამ კამპანია : „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ასურეთიდან დაიწყო

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 10, 2020 13:20

გიორგი გახარიამ კამპანია : „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ასურეთიდან დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის – „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს ასურეთის გერმანულ დასახლებას ესტუმრა.

სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე დასრულდა მე-19 საუკუნის გერმანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი, რისთვისაც მთავრობამ ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

მთავრობის მეთაურმა, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად რესტავრირებული გერმანული დასახლება დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი განსხვავებული კულტურების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია.

„ჩვენი აქ ყოფნა დღეს სიმბოლურია. ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს, თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ. ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ასურეთში გერმანული დასახლების დათვალიერება საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ტურისტებისთვის, ხოლო რეგიონისთვის – ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებითაც შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ტურიზმის კომპონენტის ფარგლებში – შექმნან საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ეთნო მიმართულების ტურისტული აქტივობა.

ასურეთის გერმანულ დასახლებაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს ესტუმრა, სადაც საოჯახო სასტუმროს მოწყობა იგეგმება და უძველესი მარანი ფუნქციონირებს. მარანში სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდნენ, რომელიც ძველი გერმანული ტექნოლოგიით მზადდება.

ასურეთის გერმანული დასახლების რეაბილიტაცია არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის კარგი მაგალითი, ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის მოწყობის, ხოლო მეორე მხრივ სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შეთავაზების გზით რეგიონის, სოფლის მხარდაჭერის და განვითარების.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 10, 2020 13:20

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics