გიორგი გახარიამ დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა დაავადებათა კონტორლის ცენტრის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ცენტრის დამსახურებით, საქართველომ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გაატარა.

პრემიერის შეფასებით, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია, რამდენადაც „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში – ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასრულებს.

პრემიერი ასევე გაეცნო ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მუშაობის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა და 2013 წლის მაისში მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ კვლევების, მათ შორის „კოვიდ-19“-ის კვლევების შესახებ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ტარდება. ლუგარის ცენტრმა „კოვიდ-19“-ის კვლევები 30 იანვრიდან დაიწყო.

აღინიშნა, რომ ტესტირების გაფართოებასთან ერთად დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია – თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის საქართველოში არსებობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, ეფექტიანად შეძლოს სხვადასხვა საშიში დაავადების დიაგნოსტირება და ეპიდზედამხედველობა, რიგ შემთხვევაში კი – რეგიონში ექსკლუზიურადაც.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიღებული დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა შედეგია ის, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები სამაგალითოა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია : დღევანდელი დღის წესრიგი კომიტეტში მინისტრის მოსვლას არ ითვალისწინებდა, ეკატერინე ტიკარაძე მზადაა, ამ კვირაში კომიტეტზე კითხვებს უპასუხოს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა დარგში