გიორგი გახარია: „არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება

“ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს და ყველგან გვექნება დაფიქსირებული. მაგრამ ჩვენი მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია სხვა მუხლით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი,”-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

“ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. დღეს ბალანსის პოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ. კარგად უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, რომ არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება. ყველანაირად ღია და მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის, არ გვაქვს ჩვენ იმის პრობლემა, რომ კრიტიკა მოვისმინოთ. იქ სადაც საჭიროა, ჩვენ რომ გავაკრიტიკოთ, არც ამის კომპლექსი გვექნება არასოდეს. ასე რომ, ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ,”-აცხადებს გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენისას მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
შემდეგი სტატიარიკოთზე 97-მდე ხიდი და 53 გვირაბი აშენდება