გიორგი გახარია – ვერ მანახებთ 12 მაისს კლუბში მყოფ ვერც ერთ ადამიანს, რომლის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოვარდა

ჩვენი მიზანი რეალიზატორების კლუბებს გარეთ დაკავება იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრმა ის მიზეზი განმარტა, რომლის გამოც 12 მაისს კლუბში ღამით ჩატარდა ღონისძიება.

გახარიას თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ხალხის დაკავება კლუბის გარეთ მომხდარიყო.

„12 მაისს, ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყების წინ, დაახლოებით ორის საათის განმავლობაში, იყო დაკავებული რვა რეალიზატორი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა კლუბების გარეთ. ეს ჩვენი მიზანი იყო. ერთადერთმა უბრალოდ მიგვასწრო. ეს იყო მიზანი, რამეთუ არ ჩაგვეტარებინა ჩხრეკა კლუბში. ეს იყო ჩვეულებრივი მიზანი და აქ არაფერია გასაკვირი, როცა კონტრშეკითხვები მოდის – კლუბში, თუ ვერავინ ნახეთ და ა.შ. ეს იყო ჩვეულებრივი მიზანი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, და პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ამ ხალხის დაკავება მომხდარიყო კლუბის გარეთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე და არა კლუბში მყოფი ადამიანების ჩხრეკაზე.

„მეორე – ჩვენ გვქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე და არა ადამიანების ჩხრეკაზე ამ კლუბში. შესაბამისად, შევედით იმ კლუბებში, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნდა ამ დაკავებების შემდეგ და იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ასევე მოგროვილი იყო სამი თვის განმავლობაში, სადაც აშკარად დასტურდებოდა სისტემური კავშირი ამ ორ მოვლენას შორის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი შეფასებით, ორშაბათ დილით კლუბში შესვლა სულ მცირე გასაკვირი იქნებოდა. მისი თქმით, კლუბში შესვლის დრო სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით დაიგეგმა.

„რატომ იყო ეს დრო არჩეული – მოგეხსენებათ, რომ ორშაბათ დილით კლუბში შესვლა იქნებოდა, როგორც მინიმუმ, გასაკვირი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან აბსოლუტურად ობიექტურად ალბათ, ღიმილის მომგვრელიც. სწორედ ამიტომ იქნა არჩეული ის დრო, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო გუნდმა განსაზღვრა, რომელიც ამ ღონისძიებაზე მუშაობს უკვე სამი თვეა და ამას ჰქონდა თავისი კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები ძალიან მარტივია – კლუბური ცხოვრება იმ გამოცდილებიდან, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მივიღეთ, იწყება დაახლოებით 12 საათზე, აქ იყო მინიმალური რაოდენობა ხალხის მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში. იმ ხალხის, რომელსაც ამ ღონისძიებასთნ საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შესაბამისად, პოლიცია შევიდა კლუბში, ამ ხალხს მოუხადა ბოდიში და შესთავაზა, რომ თუ რაიმე ჰქონდათ უკანონო, ჩაებარებინათ პოლიციისთვის და გასულიყვნენ.

„ამიტომ ჩვენ შევედით და ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში, ვუთხარით – 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თუ თქვენ რამე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას. დატოვოთ აქ და დიდი ბოდიში და მიბრძანდით.

თქვენ ვერ მანახებთ ვერც ერთ ადამიანს, რომლის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოვარდა ამ დღეს, რომელიც კლუბის შიგნით იმყოფებოდა და ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა მაგალითად რაიმე ჯანდაცვის ორგანოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება 12 მაისს დახურული ღამის კლუბები
შემდეგი სტატიათბილისში 365 ახალი უბნის ოფიცერი გამოჩნდება