გიორგი გახარია: უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება

თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევ შევიკრიბოთ, ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს განუცხადა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, მათაც მოეხადათ ბოდიში იმ სამართალდამცველებისთვის, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

მინისტრი მათ ასევე დაპირდა, რომ ხვალ შეხვდება აქციის მონაწილეებს და მათთან ერთად განიხილავს პარასკევი დღის ყველა წუთს.

“ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს, ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. მეორე, თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა, თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არავის შეუზღუდავს. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღეს აქ და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე.

ახლა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენს წინაშე ერთობლივად დგას, უბრალოდ, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში.

ამიტომ, მე ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილით 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც თქვენ აირჩევთ, მე დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება.

მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

და მესამე – ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით