გიორგი გახარია – ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში

ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას ჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გარდა ამისა, დარგს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის ფინანსური იმისთვის, რომ ის იყოს ნორმალურ ფორმაში, რათა 15 ივნისიდან და 1-ელი ივლისიდან შესაბამისად იყოს მზად, მიიღოს სტუმრები.

„ამისთვის, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, მთავრობამ, საერთოდ გუნდმა, შევიმუშავეთ გარკვეული ღონისძიებები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ პოსტკრიზისულ ეტაპზე, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე და არა კრიზისული მართვის, რაც უკვე გაკეთებული აქვს ტურიზმის სექტორს და როგორც ვთქვი, ეს არის პირველი სექტორი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ გვექნება სრულფასოვანი პრეზენტაცია, სადაც იქნება საუბარი, როგორც ტურიზმის გახსნის ეტაპებზე და პირობებზე, ასევე ტურიზმის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სექტორისა და დარგისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღებას.

„ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის. ეს დარგისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავდდება წლის ბოლომდე. იქ ვნახავთ, რომ აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა, დარგის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით სონღულაშვილი: მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი სრულად ფარავს ტურიზმის სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს
შემდეგი სტატიათბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“-ტესტირება ჩაუტარდათ