გიორგი გახარია: „წარმოუდგენელია რაც ხდება ავჭალაში, სამგორისკენ…საერთოდ გგონია, რომ თბილისში არა ხარ

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ურბანული სფეროს წარმომადგენლებთან, არქიტექტორებთან ქალაქის კეთილმოწყობისა და შემდგომი განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.
„პირველი რაც დავინახე, არის არათანაბრად განვითარებული ქალაქი. მესმის, რომ ცენტრი ყოველთვის უკეთესი იქნება და მოვლილი უნდა იყოს, მაგრამ სანამ პირველადი საბაზისო მოთხოვნილებები არ გაქვს დაკმაყოფილებული და ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რამდენად რელევანტურია ამის ასე კეთება“- განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე.

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა სატრანსპორტო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული სატრანსპორტო სისტემის გარდაქმნა აუცილებელია, ამის გარეშე კი მხოლოდ არსებულ სისტემაში მცირე ინვესტიციები უშედეგოა. „მეტროს გაგრძელების გარეშე, დიღომი და გლდანი იქით დაგრძელება და იქეთ მხარეს მხოლოდ ავტობუსებით რთულად შესაძლებელია.“- ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ქალაქის გამოწვევად არათანაბარ განვითარებას და გარეუბნებში საბაზისო ინფრასტრუქტურის უდიდეს პრობლემებს ასახელებს.

„ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი წელი გვექნება შეზღუდული რესურსი და მთავარი პრობლემა იქნება პრიორიტეტები როგორ დავალაგოთ. მუხიანში გზა გავაკეთოთ თუ საბავშვო ბაღი ავაშენოთ, ვაკეში ტროტუარი გავაფართოვოთ თუ რაღაცა შევღებოთ. ჩემი პოზიცია იქნება, რომ სანამ ქალაქში საბაზისო პირველადი ინფრასტრუქტურა სრულად და თანაბრად არ იქნება განვითარებული, აი ამ რაღაც „ფოე-ფოე“ რაღაცეებს თავი უნდა დავანებოთ. იმიტომ, რომ უსამართლობის გრძნობა ჩნდება. დღეს ვიყავი ავჭალაში – წარმოუდგენელია იქ რაც ხდება სხვა უბნებშიც, სამგორისკენ რომ გადიხარ – იქ საერთოდ გგონია, რომ თბილისში არა ხარ. საუბარი არის საბაზისო ინფრასტრუქტურაზე: კანალიზაცია, წყალი, გზა და ავტობუსით რომ შეეძლოს ადამიანს მეტრომდე მაინც მივიდეს ისე, რომ 5-ჯერ არ გადაჯდეს.“ – ამბობს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ ურბანული სფეროს წარმომადგენლებთან ქალაქის შემდგომი გეოგრაფიული განვითარების ვერსიებზეც ისაუბრა.

„ურბანულად ქალაქი საით უნდა წავიდეს – აქ საუბარი არის თბილისის ზღვაზეც, რუსთავის მიმართულებაზეც. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ეკონომიკებია და სინერგიის ძალა იქნება აბსოლუტურად სხვადასხვა. ეკონომიკური გადმოსახედიდან, რუსთავის და თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურით ერთმანეთთან მჭიდროდ დაერთებას უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი ექნება – უზარმაზარი, ეს წარმოუდგენელი მულტიპლიკატორი იქნება.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – მეგის ქარდავას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენება ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე სუს-ის ფაილებზე: ვორდის ფაილებში ჩაყრილია რაღაც და ვიღაცამ გამოაცხადა,რომ სუს-ის ფაილებიაო