გიორგი გახარია : თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება და სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევებისა და პანდემიის მიუხედავად სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა.

„დიდი პატივია ჩვენთვის აქ, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. გურია, ლანჩხუთი ყოველთვის იყო ქვეყანაში სანიმუშო საზოგადოებრივი მოღვაწეების სამჭედლო – ყოველთვის იყო სამჭედლო დიდი მწერლების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ხელოვნების წარმომადგენლების. აქტიურობა ხშირ შემთხვევაში იწყებოდა აქედან და კახიმ სწორად გაიხსენა პირველი რესპუბლიკა, რომლითაც დღესაც ვამაყობთ, დიდი ნაწილი გურულებისგან შედგებოდა.

ეს ყველაფერი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს. როდესაც ჩვენს ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, სამუშაო ადგილების და ინფრასტრუქტურის პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველანი ამაზე ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ ყოველდღიურ პროგრესს. მარტივი პრობლემები არ არის დღეს გურიაში. მაგალითად, ლანჩხუთის წყალმომარაგება თუ ნორმალურ კონდიციაში მოვიყვანეთ, სამაგიეროდ სოფლებში წყალმომარაგება პრობლემაა, ისევე, როგორც პრობლემაა შიდა სასოფლო გზები.

მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირბადეებით გვიწევს ერთმანეთთან საუბარი, ბოლო რვა თვის განმავლობაში, მათ შორის გურიაში, არც ერთი წუთით სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის ორი მონაკვეთი გაიხსნა.

სულ მალე ეს პროექტი სრულად დამთავრდება და გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გურიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარულ საგზაო უსაფრთხოებას შემოიტანს, ამასთან ერთად უფრო მარტივი იქნება ტურისტების რეგიონში შემოყვანა,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შექმნას თანაბარი პირობები ყველასთვის.

banner
წინა სტატიაში“დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე კი არ არის, ის თვითონ საქართველოა” – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაკახა კუკავა : ნაცებს სიაში პუტჩისტი გენერალი ჭანკოტაძე, კიკაბიძე და რესპები უწერიათ და ახლა სამიზნეში გიორგი გამსახურდია ამოიღეს