გიორგი გახარია: თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე გახდება საჯარო

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე გახდება საჯარო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკური საბჭოს მდივანმა, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს შეიძლება იყოს 5 ან 8 წლიანი გეგმა, რომელიც ბიზნესისთვის საჯარო წლის ბოლომდე გახდება. მისივე თქმით, ბიზნესსექტორს ეცოდინება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა მომავალი წლების განმავლობაში.

“თამბაქოს ნაწილში ეს მარტივია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან გარკვეული ვალდებულებები, რომ 5 წლისთავზე უნდა მივიდეთ გარკვეულ ნიშნულამდე და ამ გეგმის შედგენა მარტივია. ვიცით, რომ ყოველ წელს რაღაცნაირად უნდა გადავხედოთ ამას”, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება აქციზის ზრდას ალკოჰოლურ სასმელებზე, გახარიას თქმით, ის დაეთანხმა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მათთვის ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი. მისივე თქმით, ფისკალური ეფექტი ამ აქციზის ზრდას, რომელიც ახლა განხორციელდა, აქვს ძალზე მცირე. საუბარია ძლიერ ალკოჰოლზე, მაღალფასიან სეგმენტზე.

“ამიტომ ფისკალური ეფექტი არ აქვს, თუმცა კონკრეტულ კომპანიებზე ზემოქმედება ექნება. შევთანხმდით, რომ შემდგომში ასეთი ზრდა მათთან შეთანხმებით მოხდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მოვაჭრეების პროტესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : სააკაშვილის და ივანიშვილის შედარებაზე თუ გველაპარაკებით, შუბლის ძარღვი სად გაქვთ?!