გიორგი გახარია სტიქიის ზონაში – საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია 50 მლნ ლარამდე დასჭირდეს

პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის სერიოზულად დაზიანებული, თუმცა, საბოლოო ჯამში ზიანი არის ძალზედ სერიოზული. 12 სოფელი იყო მოგეხსენებათ კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი არის აღდგენილი, თუმცა 8 სოფელი რჩება. ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა დარჩენილ სოფლებზე, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება მინიმუმ 1 თვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა, სადაც ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია 50 მლნ ლარამდე დასჭირდეს.

„ჩვენ დღეს ვესაუბრეთ „ენერგო პრო“-საც და გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება 1 კვირაში ელექტრომომარაგება აღდგეს. ყველა შესაბამისი სამსახური დღეს იმყოფება ადგილზე, ყველა ამ სოფელზე, რომელიც მე ჩამოვთვალე დაიწყება დღეიდან ვერტმფრენებით კავშირი, ყველა ადამიანს, რომელსაც ექნება გამოყვანის საჭიროება სოფლიდან, გამოვიყვანთ, რა თქმა უნდა. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა სახის საჭირო პროდუქტებით, ეს 4 სოფელი, რომელიც იქნება 1 თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში, რადგან, რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის ძალიან სერიოზული ჩამონგრევები, 3 სექტორია, დაახლოებით 250 მეტრიანი, 4 ხიდია, რომელიც სრულადაა აღსადგენი თავიდან. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით საჭიროებს 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მლნ-მდე. ამ ადამიანებს, იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, კავშირი სამყაროსთან აქვთ ცოტა შეზღუდული და ეს ინფორმაცია მათთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე სხვა დანარჩენებისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი ეს ის სოფლებია, სადაც სამწუხაროდ. დაახლოებით.

1 თვე მოგვიწევს ჩვენ გზის სამუშაოები, რომ ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას აღვადგენთ, კარგი ამინდის პირობებში, დაახლოებით 1 კვირაში, 10 დღეში, მაგრამ ყველა ამ სოფლებში იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც. რამდენიმე ადგილას მართლა არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ისე ღვარცოფულ ქანებს და იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს არის დღეს ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ. ტურისტულად მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და ეს ხალხი, იმიტომ რომ 1 თვის განმავლობაში შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს მათაც, თითოეულ საოჯახო სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ, ასე რომ აქ იქნება სრული ყურადღება. შტაბი შექმნილია, მას ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე, ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია აქ რომ იყოს იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა მიქაუტაძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ი.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა