გიორგი გახარია-შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემურ განახლებაში აკადემიას აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და განახლებული
სასწავლო-ინფრასტრუქტურული სივრცის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს
აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და
სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება.
ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიცვალა სამსახურში მიღების
წესი და სწორედ აკადემია ყალიბდება სისტემაში მოხვედრის ერთადერთ გზად.

გარდა ამისა, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. 2018 წელს
აკადემიაში შემუშავდა და განახლდა 46 ახალი პროგრამა/ტრენინგი, რომლებიც
პოლიციელთა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მათ შორის
შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცერთა სასწავლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც
უკვე გადამზადდა 66 ოფიცერი და ამჟამად მიმდინარეობს 84 ოფიცრის
გადამზადება. ასევე, შემუშავდა გამომძიებელთა სასწავლო პროგრამაც.
საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე
გამომძიებლის გადამზადება.
მხოლოდ გასულ წელს, აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა
პოლიციელმა, რაც წინა წლის მონაცემებს 46%-ით აღემატება. აღსანიშნავია
ისიც, რომ ელექტრონული სწავლების მეთოდის საშუალებით დამატებით გადამზადდა
16 692 პოლიციელი.

,,აკადემია არის სისტემურად მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა
სამინისტროში და ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლება, კეთილსინდისიერება და
პროფესიონალიზმი, მოტივაციასთან ერთად, არის ის ძირითადი მამოძრავებელი
ძალა, რომელმაც საპოლიციო საქმიანობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა
აიყვანოს. სისტემურ განახლებაში აკადემიას აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი
როლი.’’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიაში დაათვალიერა საპოლიციო
ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მათ
შორის აკადემიის 93-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც 2018 წელს
სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რეგიონებიდან აკადემიაში სასწავლებლად
ჩამოსულ პოლიციელებსა და ტრენერებს მოემსახურება. განახლდა საცურაო აუზი,
სპორტული დარბაზი, სიმულაციური სწავლების სივრცე, განხორციელდა აკადემიის
ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა.
ასევე, 2019 წელს აკადემიის ბაზაზე მოეწყობა პოლიციელთა საცეცხლე
ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის და სასწავლო პროგრამების განახლება აკადემიაში
2019 წელსაც გაგრძელდება

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
შემდეგი სტატიაგაზის გაჟონვის შედეგად წყალტუბოში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები