გიორგი გახარია : შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, მიღწევებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

პრემიერის თქმით, საქართველო, თავის მხრივ, მზად არის, მიიღოს ტურისტები მწვანე რეგიონებიდან.

„ჩვენ ფაქტობრივად, სამუშაო დონეზე ყველაფერი გვაქვს მზად. საქართველო, თავის მხრივ, ყველაფრისთვის არის მზად იმისთვის, რომ მიიღოს ტურისტები, რა თქმა უნდა, მწვანე რეგიონებიდან, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ კოვიდისგან სუფთა ქვეყანა, რადგან ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას, ვისწავლეთ მისი მკურნალობა, გავრცელების რისკების შეფასება და აქ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიღწევების შენარჩუნებისთვის გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები, პირველ რიგში, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა და ჩვენი ერთობლივი მიღწევები, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, უკიდურესად გონივრული და უკიდურესად ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ერთბაშად არაფრის მოხსნა არ იქნება. კარგი მაგალითია გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ისრაელთან, ყველაფერი მზად არის ხელმოსაწერად, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გართულდა ისრაელში, რა თქმა უნდა, ერთობლივად დავსხედით და ვთქვით, რომ ეს უნდა გადავდოთ, დაველოდოთ, ვიდრე ისრაელშიც ეპიდემიოლოგიური მდგიმარეობა იქნება უკეთესი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე სხვა ქვეყანასთან.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. თუმცა იქ არის შიდა ევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილებებიც იქნება უახლოეს პერიოდში მიღებული, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება. ის, რაც შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ამასთან ერთად გეტყვით, რომ საქართველო იქნება ყველაზე მწვანე ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : 20 ივნისის გახსენება „ქართული ოცნებისთვის“ მძიმედ გადასატანია და სულელურ კომენტარებს ამიტომ აკეთებენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : პოლიტიკური სპექტრი დღეს სამწუხაროდ ძალიან ტოქსიკურია