გიორგი გახარია: შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აშკარად ერთპიროვნული მმართველობისკენ მიდრეკილი პარტიების მმართველობა

„მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის და შემიძლია ვთქვა – თავდადებისთვის. იმიტომ, რომ ასეთ გაუგონარი წნეხის მიუხედავად ისინი მოვიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა ქვეყნის განახლებას და ქვეყნის წინსვლას.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პროცესში მხარდამჭერებსა და წევრებზე ორგანიზებულად მიმდინარე ზეწოლაზე, დაშინებასა და დევნაზე ისაუბრა, ისევე როგორც არჩევნების დღეს დარღვევებზე და მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვაზე. მან არჩევნები არასამართლიანად შეაფასა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის მიუხედავად მოქალაქეების გამოხატული მხარდაჭერით პარტიამ შეძლო ორპარტიული მმართველობის დასრულებისთვის კონსტიტუციური ბერკეტის შექმნა.

„რეალობა გახლავთ შემდეგი – ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა პარტიების, რომლებსაც ორივეს აქვს აშკარა მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. ამიტომ დღეს თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო“ – ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ პარტია გამოხატული მხარდაჭერით საკრებულოების დონეზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში იქნება წარმოდგენილი და ისინი თითოეული მხარდამჭერის ხმის დაცვას აგრძელებენ.

„თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოების დონეზე ვიქნებით წარმოდგენილები. ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმის დაცვას.“- ამბობს პარტიის თავმჯდომარე.
გახარიამ მეორე ტურებში გასულ კანდიდატებსაც გამოუცხადა მხარდაჭერა.
„მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც მეორე ტურში გავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატურაზე და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მაჟორიტარს, რომელიც წარდგენილი არიან ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ.“ – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „ჩვენმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ორ რადიკალურ ძალას, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას ქმნიან და ქვეყანას აბრუნებენ წარსულში
შემდეგი სტატიაგახარია: მოდით ჩვენთან, გავერთიანდეთ, რომ ერთად ავაშენოთ სამართლიანი, ძლიერი თანამედროვე სახელმწიფო